შეიარაღებული ძალების სიძლიერის კუთხით აზერბაიჯანი ერთ-ერთ მოწინავე ძალას წარმოადგენს კავკასიის  რეგიონში.  სომხეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფნი, ძალღონეს არ იშურებენ რათა სამხედრო შესაძლებლობები გაზარდონ და პოტენციური მოწინააღმდეგის შეტევას ღირსეულად უპასუხონ. მაგალითად, წინა სტატიაში (იხ. ბმული) აზერბაიჯანის მიერ ახლად შეძენილ სარაკეტო საარტილერიო სისტემებზე გიამბეთ, რომლებიც ისრაელიდან და ბელორუსიიდან მიიღეს. თუ აზერბაიჯანელ სამხედრო მესვეურებს დავუჯერებთ, სარაკეტო-საარტილერიო სისტემებისთვის მთავარ სამიზნეს მოწინააღმდეგის ტერიტორიულ სიღრმეში არსებული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების განადგურება წარმოადგენს.  მოცემულ სტატიაში კი უფრო სიღრმისეულად მოგაწვდით ინფორმაციას იმ საერთაშორისო პარტნიორების შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამხედრო პროდუქციით ანებივრებენ.

10 იანვარს აზერბაიჯანმა საზღვაო ძალებისთვის ახლად შეძენილი საპატრულო კატარღა „Tufan“ და ებრაული უპილოტო საფრენი აპარატი „SkyStriker“ წარადგინა. კატარღა აღჭურვილია ებრაული წარმოების სანავიგაციო სისტემით და სარაკეტო გამშვები აპარატებით. ხოლო უპილოტო საფრენ აპარატებს შეუძლიათ შორ დისტანციებზე მოწინააღმდეგის აღმოჩენა და განადგურება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანმა 2016 წლის აპრილში სომხეთთან დაპირისპირებისას სხვადასხვა ტაქტიკურ ოპერაციებში ებრაული წარმოების კამიკაძე დრონები წარმატებით გამოიყენა. უპილოტო საფრენი აპარატების მიღებამდე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ნაჯმადინ საბიკოვი 2018 წლის ოქტომბერში, ისრაელს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ებრაულმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ „Rafal“ კი აზერბაიჯანული შვეულმფრენებს მოდერნიზება ჩაუტარა და ისინი ჰაერი-მიწა კლასის რაკეტა „Spike” – ებით აღჭურვა. ამის შედეგად შვეულმფრენებს საბრძოლო შესაძლებლობები გაეზარდათ და მათ სომხური ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება 10-დან 15-მდე კილომეტრიდან შეუძლიათ.  იმპორტირებულ სამხედრო პროდუქციასთან ერთად აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს სამამულო წარმოებასაც, ამის შესახებ ჩვენ წინა სტატიებში ვწერდით (იხ. ბმული). თუმცა ბაქო უსაფრთხოებისთვის საჭირო მოთხოვნებს პარტნიორებიდან  შეძენილი საქონლით იკმაყოფილებს. ებრაული მხარისგან ბოლოს შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატები დასტურია იმისა, რომ აზერბაიჯანისთვის ისრაელი ტრადიციულ სამხედრო პარტნიორად კიდევ დიდხანს დარჩება.

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანულმა ონლაინ გამოცემებმა გაავრცელეს შესყიდული სამხედრო წარმოების ნიმუშთა მცირე ჩამონათვალი რომლებიც ქვეყანამ სხვადასხვა მომწოდებლებისგან მიიღო. მოდით დავიწყოთ ებრაული შეიარაღებით.  პროდუქტთა ნუსხაში იყო ბალისტიკური რაკეტა “LORA”, „Spear-Mk.2“ – ის ჭურვები, „Spike-ER“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და „Hermes-900“ უპილოტო სადაზვერვო აპარატები.  ისრაელის შემდეგ მთავარ მომწოდებლად რჩება ბელორუსი, რომლისგანაც აზერბაიჯანმა ტაქტიკური სარაკეტო კომპლექტი “Polonez” – ები და ელექტრონული ომის წარმოებისთვის განკუთვნილი „Groza-S“ – ის  სისტემები შეიძინა. მიმწოდებელთა სიაში ვხვდებით თურქეთსაც, რომელმაც ბაქოს „Muhafiz“ – ის წარმოების საბრძოლო მოდულები და “IHTARIS“ – ის წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ მოქმედი სისტემები მიჰყიდა. თურქეთის შემდეგ სიაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაც ვხვდებით, აზერბაიჯანმა მისგან ანტიმატერიული  სნაიპერული შაშხანები „NTW-20“ – ები შეიძინა. აქვეა რუსეთიც, მოსკოვმა ბაქოს მოდერნიზებული „BTR-82A“ ჯავშანტრანსპორტიორებით მოამარაგა. ცხადია აზერბაიჯანი საკუთარი შეიარაღებით თავს იწონებს, მაგალითად მიმდინარე წლის 11 იანვარს  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ სომხეთს ბალისტიკურ რაკეტა „LORA“ – ს წინააღდეგ არანაირი თავდაცვითი საშუალებები არ გააჩნია. ალიევმა დასძინა, რომ რაკეტას სომხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო სამიზნის განადგურება მარტივად შეუძლია.  

ბოლო წლებში აზერბაიჯანი ცდილობდა ზემოთ ხსენებულ მომწოდებლების გარდა ახალი ქვეყნების სახით იარაღის მიმწოდებელთა მოძიებას და მან ეს მოახერხა. მაგალითად, 2017 წელს მათ წარმოადგინეს ჩეხეთში შეძენილი საარტილერიო სისტემა „DANA” და სარაკეტო საარტილერიო სისტემა „RM-70“ – ები. საუბრები მიდის ასევე გერმანულ „RHEINMETAL“ და იტალიურ კომპანია „LEONARDO“ – სთან. თუმცა რა სახის შეიარაღებას შეიძენს აზერბაიჯანი, ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ასევე ინფორმაცია საფრანგეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე სამხედრო სფეროში, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანს სურს საშუალო რადიუსის ანტი საჰაერო თავდაცვის სისტემა „ASTER-30-SAMP/T“ – ის და მოკლე დისტანციის მქონე ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემა „MICA“ – ს შეძენა. საფრანგეთიდან იგეგმება ასევე საპატრულო ხომალდ „L’Adroit OPV 90“ – ის მიღება, რომელსაც შეუძლია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება. სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცევა.

გასული წლის დეკემბერში ამერიკის თავდაცვის მდივნის დამხმარე ლაურა კუპერი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია, სადაც ის აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. მხარებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეგახსენებთ რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობა შეჩერებულია შეერთებული შტატების მიერ თავისუფლების ქარტიის 907 სექციის მიხედვით. ქარტიის ამ ნაწილის თანახმად აზერბაიჯანი სისტემატიურად არღვევს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ 2002 წლიდან, ვაშინგტონმა უარს აცხადეს  ბაქოსთვის პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე. ლაურა კუპერის ვიზიტს ბაქოში თან სდევდა ჯონ ბოლტონის 2018 წლის შემოდგომის ვიზიტები კავკასიის სამივე რესპუბლიკაში.

ევროპელ მომწოდებლებთან ერთად აზერბაიჯანი აზიის ქვეყნებისკენაც იხრება, როგორც ცნობილია შესაძლოა მათ პაკისტანური წარმოების მოიერიშე „JF-17 thunder“ -ები შეიძინონ. აპარატი აღჭურვილია ჩინური წარმოების რადარით, გამანადგურებელს გააჩნია მოწინაღმდეგის რადიო სიგნალთა აცილების შესაძლებლობა რაც მას საშუალებას აძლევს მოწინააღმდეგეს ხელიდან დაუსხლტეს და შეუმჩნეველი დარჩეს საბრძოლო მოქმედებების დროს.   გასული წლის აპრილში კი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ ჰასანოვი ჩინეთს ეწვია სადაც სხვადასხვა სამხედრო ქარხნები დაათვალიერა. აზერბაიჯანული დელეგაცია „China Electronics Technology Group“ – ის პროდუქციამ გამოიწვია, რომელიც სხვადასხვა სახის სამხედრო საკომუნიკაციო მოწყობილობებს აწარმოებს.

2016 წლის აპრილის ოთხდღიან ომში მიღებული გამოცდილებით, აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაზე გადაიყვანა. ამ ამბების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო პერსონალი და შეიარაღება, 2018 წელს კი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება ჩაატარა, სადაც შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობდა. 2016 წლის შემდეგ გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტიც, ჩვენ ამაზე წინა სტატიაში ვწერდით (იხ. ბმული).  მიუხედავათ იმისა, რომ ოფიციალური ბაქო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანად განიხილავს, სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე უარს არასოდეს არ ამბობს. აქვე უნდა მოვიტანოთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაც: „ძლიერი სამხედრო პოტენციალი არის გასაღები, კონფლიქტის მოგვარებაში“, მან ეს განცხადება იანვრის დასაწყისში გააკეთა.

კომენტარები