ამჟამად ევროკავშირისთვის უკრაინა სასურველი წევრია სულ მცირე რამდენიმე მიზეზის გამო:

– უკრაინა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში 52-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა ფინეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და ნავთობით უმდიდრესი ქუვეითი.

– უკრაინა ბუნებრივი აირის მარაგების სიდიდით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა.

– უკრაინა არის ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტროენერგიის მწარმოებელი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში აღნიშნული მაჩვენებლებით 23-ე ადგილს იკავებს.

– მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, უკრაინის საექსორტო პოტენციალი მაინც ძალიან დიდია-გასულ წელს მან ექსპორტზე 34 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა.

– ინვესტორთა ინტერესი უკრაინისადმი არ მცირდება, გასულ წელს პირდაპირმა ინვესტიციებმა 65 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში, უკრაინა იქნება ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფო.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, წარმოებული პროდუქციის მოცულობით უკრაინას მხოლოდ რუსეთი უსწრებდა. საბჭოეთიდან მემკვიდრეობით მიღებული ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და სრული სიმძლავრით ამუშავების შემთხვევაში, უკრაინას აქვს პოტენციალი ევროპის უმდიდრესი სახელმწიფო გახდეს და გაუსწროს გერმანიას და საფრანგეთს.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა მაინც რჩება გამოწვევების წინაშე,რომლებიც არამხოლოდ პროგრესს, არამედ თავად უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს არსებობას უქმნიან საფრთხეს.

რუსული რბილი და უხეში ძალის ზეწოლა

ყირიმისა და დონბასის ანექსია

ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუსულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს შორის, რასაც რაღა თქმა უნდა თან სდევს მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ მინსკი-2-ის სახელით ცნობილ მოლაპარაკებებში მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.  ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით კი რუსეთ-უკრაინის საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, პერიოდულად ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის შემოყვანა რუსეთიდან.

ამის მიუხედავად, მრავალი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ პროცესი არ გადაიზრდება ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში და ფრონტის ხაზი უცვლელი დარჩება. მსგავსი პერიოდული პროვოკაციები კი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და მშვიდობიანი დიალოგის ხელის შეშლას ემსახურება.

კიდევ უფრო რთულადაა საქმე ყირიმის ნახევარკუნძულის შემთხვევაში, რომელიც რუსეთმა ოფიციალურად მიიერთა და არანაირი საფუძელი არ არსებობს საიმისოდ, რომ ტერიტორია საკუთარი ნებით დააბრუნოს.

როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა, რუსეთი შეეცდება დონბასი გამოიყენოს სატყუარად-პერიოდულად შექმნას მოლოდინი იმისა, რომ თუ უკრაინა უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე, შეიძლება გაჩნდეს დონეცკისა და ლუგანსკის დაბრუნების შესაძლებლობა. თუ მანიპულაციამ არ გაჭრა, დიდი ალბათობით რუსეთი აღნიშნულ ტერიტორიებსაც მიიერთებს.

შიდა პრობლემები

პოლიტიკური კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული

როდესაც საქმე მიდგება კორუფციაზე, ამ მხრივ უკრაინას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელმა ჩრდილოვანმა ეკონომიკამ განსაკუთრებულად კარგად უკრაინაში გაიდგა ფესვები. სსრკ-ს პერიოდში მის მთელ ტერიტორიაზე, გამონაკლისების გარდა კორუფცია ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. იმის გამო, რომ უკრაინა ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი იყო, ცხადია მუდმივად იყო საბჭოელი „საქმოსნების“ ყურადღების ცენტრში. ამან გამოიწვია ის, რომ წლების განმავლობაში  ყოველდღიურობად ქცეული კორუფცია უკრაინისთვის ერთ-ერთ უაღრესად რთულად დასაძლევ პრობლემად იქცა. დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში სურათი თითქმის არ შეცვლილა და საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ ჩატარებული კვლევებით, კორუფციის დონით უკრაინა 131-ე ადგილზეა 176 ქვეყნიდან. გაცილებით უფრო ცუდი მახასიათებლები მხოლოდ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას აქვს. უკრაინასთან შედარებით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა კოლუმბია, ნიგერია და ფილიპინები.

უკრაინაში შექმნილია ე.წ. სიკვდილის სამკუთხედი პოლიტიკოსების-ბიზნესმენებისა და  კრიმინალების მიერ ფორმირებული სტრუქტურები, რომლებიც სიმბიოზურად არიან ერთმანეთს შერწყმული.

შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია უკრაინისთვის ერთ-ერთუდიდეს გამოწვევად რჩება და იგი არანაკლებ საფრთხეს უქმნის მის განვითარებას, ვიდრე რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია.

ამ ყველაფერს თავად უკრაინელებიც აცნობიერებენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ მხრივ აღსანიშნავია უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობა, რომელმაც მხოლოდ გასულ წელს სახელმწიფოს დაუბრუნა 158 ჰექტარი უკანონოდ გასხვისებული მიწა, რომლებიც დანაშაულებრივი სქემებით გაიცა მუნიციპალიტეტების მიწის ფონდიდან და სხვადასხვა ტიპის „საქმოსნების“ ხელში აღმოჩნდა.

ასევე ამოქმედდა ელექტრონული დეკლარაციების საჯარო რეესტრი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს უკრაინელი პოლიტიკოსების საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ პრობლემის დასაძლევად ეს არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ პირველ რიგში მოხდეს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების შეცვლა აღნიშნული საკითხისადმი. გარდა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული სამსახურების ფორმირებისა, მნიშვნელოვანი არის აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა თავად მოსახლეობამ გააცნობიეროს, რამდენად მავნე შედეგები მოაქვს კორუმპირებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, გაეცნონ საკუთარ უფლებებს და ამ უფლებების დაცვის მექანიზმებს. სახელისუფლებო წრეებმა კი პირველ რიგში უნდა  გამოავლინონ კორუფციის დაძლევის მტკიცე ნება (რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება, რადგანაც თავადვე არიან ჩართული უკანონო გარიგებებში) და გაითავისონ წარმატებული ქვეყნების გაკვეთილები.

გარდა ამისა, კორუფციის დასაძლევად მნიშვნელოვანია მძლავრი სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მასმედია, რომლებიც ამჟამად ფორმირების პროცესში არიან.

მთავრობას უჭირს წინააღმდეგობა გაუწიოს მძლავრ ოლიგარქებს. რამდენიმე ადამიანის ხელში იმყოფება ტელე-რადიო კომპანიების 80 პროცენტი-Starlight Media, 1+1 Media, Inter Media, Media Group Ukraine ეკუთვნის ოთხ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანს, რინატ პინჩუკს, ახმეტოვს, იგორ კოლომოისკის და დიმიტრი ფირტაშს.

ზოგიერთ სტრატეგიულ და სამრეწველო სფეროში, ოლიგარქები აკონტროლებენ სიტუაციას.

საქმოსნებს მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ თავად უკრაინელ პარლამენტარებთან. ხშირად, რადას დეპუტატები მათ ინტერესებს ლობირებენ.

ოლიგარქებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი საყრდენები კრიმინალურ სამყაროში. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი არ ერიდებიან საკუთარი ინტერესების ძალისმიერი მეთოდებით დაცვას. ამის მაგალითია პაველ შერემეტის სიკვდილი, რომელიც ძირითადად პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების კორუფციულ გარიგებებზე ატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას (თუმცა, ოფიციალური ვერსიით, იგი პრორუსულმა ძალებმა მოკლეს).

ცხადია, წლების განმავლობაში ფეხმოკიდებული კრიმინალების დამარცხება, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში ზურგს რუსეთი უმაგრებს რეფორმატორების მცირე გუნდს საკმაოდ გაუჭირდება. მით უფრო, რომ სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ ვრცელი სეგმენტი შეგუებულია სტატუქვოს.

პერსპექტივები

თუ დასავლეთი ღრმად ჩაეფლობა პოლიტიკურ კრიზისში, შესაძლოა რუსეთმა გააგრძელოს აგრესია. ევროკავშირის შიგნით პოლიტიკურმა პოლარიზაციამ, ტერორისტული შეტევების შემდეგ მიღებულმა შოკმა და ყურადღების აღნიშნულ თემებზე გადატანამ შესაძლოა რუსეთს მისცეს საშუალება, რომ განაგრძოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სხვადასხვა სცენარით მოახერხოს უკრაინაში პრორუსული მთავრობის დასმა, ან ძალისმიერი გზით არსებული რეჟიმის დამხობა.

ამ მხრივ გადამწყვეტი შესაძლოა აღმოჩნდეს ამერიკის პოზიცია და მისი მხარდაჭერის სიმტკიცე უკრაინისადმი. ბოლო ხანებში მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე აშშ-ს მხრიდან შეგვიძლია აღვიქვათ როგორც პოლიტიკური სიგნალი რუსეთისადმი.

საჭიროა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია

ცხადია, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს უკრაინა მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომაც, უკრაინული დიპლომატიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და მისი გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის რაც შეუძლება უფრო დიდი დოზით ჩართვა უნდა იყოს.

პოლიტიკური ელიტა არ არის მზად მკვეთრი და რისკიანი გადაწყვეტილებებისთვის

როგორც სიტუაცია გვიჩვენებს, უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემები იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათის არის, რომ ხშირ შემთხვევაში სიტუაციის ადგილიდან დასაძრავად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. პოროშენკოს გუნდის სამწლიანმა მმართველობამ გვიჩვენა, რომ ისინი ერიდებიან მკვეთრი ნაბიჯების გადაგმას და ცდილობენ ზომიერი პოლიტიკით მიაღწიონ შედეგს, თუმცა ავიწყდებათ, რომ დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს.

უკრაინა უნდა შეეგუოს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს

შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია დონეცკსა და ლუგანსკში, რომლებიც განუწყვეტლივ იღებენ შევსებას რუსეთიდან, კრემლის მხრიდან აღნიშნული ტერიტორიის გაძლიერებული ინტეგრაციის პროცესი რუსულ სივრცეში (ამ მხრივ შეიძლება პარალელი გავავლოთ საქართველოს ოკუპირებულ სივრცეებთან, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მიდიოდა რუსული პასპორტების მასობრივი დარიგება, რეგიონების რუსიფიკაციის მიზნით) ის ფაქტორებია, რომლებიც პრობლემის უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტას კიდევ უფრო შორეულ მომავალში სწევენ.

კიდევ უფრო რთული ვითარება არის ყირიმის შემთვევაში, რომელიც რუსეთმა ოფიციალურად მიიერთა და ახლო მომავალში თეორიული შანსიც კი არ არსებობს საიმისოდ, რომ კრემლი აღნიშნულ ტერიტორიას დააბრუნებს.

შესაბამისად, უკრაინა რჩება დილემის წინაშე. მას აქვს ორი გზა. ერთი მხრივ, მას დროებით მოუწევს გაყინოს კონფლიქტები, იზრუნოს ქვეყნის დარჩენილი ნაწილის განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოებაზე, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დააყენოს აღნიშნული ტერიტორიების საკითხი. (რაღა თქმა უნდა, უნდა იზრუნოს აღნიშნული რეგიონების იზოლაციაზე, რათა არ მოხდეს აღიარება სხვა სახელმწიფოების მხრიდან და ყველა დონის საერთაშორისო ფორუმსა თუ კონფერენციაზე განუწყვეტლივ დააყენოს ეს საკითხი, რათა ის არ ამოვარდეს ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგიდან)

მეორე მხრივ, უკრაინა პირველ რიგში უნდა შეეცადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (მინიმუმ დონეცკისა და ლუგანსკის შემოერთება) და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ და შიდა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. უნდა ითქვას, რომ ეს  გზა სათუოა, რადგან უკრაინის შიგნით არ არის აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების თანხმობა- 2016 წლის მონაცემებით,  უკრაინელი ხალხის 58 პროცენტს სურს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, 11 პროცენტს ევრაზიულ კავშირში. აღმოსავლეთით უფრო ძლიერია რუსული განწყობები. 31 პროცენტს აღნიშნულ საკითხზე არ გააჩნია მკაფიო აზრი.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გამოკითხვებში მოსახლეობის 40-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ცხადი ხდება რომ უკრაინელი ხალხი ორ დიდ ბანაკადაა გაყოფილი.

ომს კი, თუკი მას უკრაინა წამოიწყებს ტერიტორიების გასათავისუფლებლად, სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა დასჭირდება.

არც უკრაინის პოლიტიკური ელიტა არის მზად იმისთვის, რომ იტვირთოს ასეთი პასუხისმგებლობა და მიუხედავად საკმაოდ დიდი ოდენობის შეიარაღებისა, საეჭვოა უკრაინული არმია გაუმკლავდეს მსგავს ამოცანას.

ანტიდასავლური განწყობების ზრდა და აპათია

რუსეთის პროპაგანდა მთელ პოსტსაბჭოთა და არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ დიდი წარმატებით მუშაობს (ამის კარგი მაგალითია საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანია, რომლის დისკრედიტაციასაც აქტიურად ცდილობდნენ კრემლის პროპაგანდისტული და ჰაკერული ჯგუფები. აღნიშნულის თაობაზე ბრალდებები ისმოდა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც). ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც კი, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, მთავრობა იძლებული გახდა რუსული მაუწყებლობები, როგორიცაა Sputnik-News გაეთიშა, რათა თავიდან აეცილებინა საზოგადოების შიგნით დაპირისპირება. ცოტა ხნის წინ მსგავსი ბედი ეწია Russia Today-ს, რომელიც არარუსულენოვან მაყურებელზეა გათვლილი.

თუმცა, რუსული პროპაგანდის აღნიშნული საშუალებები შეუზღუდავად მაუწყებლობენ უკრაინაში და შედეგებიც სახეზეა.

კრემლი კარგად იყენებს იმას, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება უახლოეს ხანებში და ამ ყველაფერს ხალხში უიმედობის დასათესად იყენებს. გარდა ამისა საკმაოდ წარმატებით მუშაობს ანტიდასავლური მითების, დეზინფორმაციების გავრცელების სისტემა, რომელიც ძირითადად სოცქსელებში ხორციელდება და ამ ყველაფრის ფონზე ხდება რუსეთის, როგორც ერთადერთი რეალური ალტერნატივის წარმოჩენა.

კომენტარები