გასულ კვირას, სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა ნახიჭევანის მხრიდან აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილების გადაადგილება ნეიტრალურ (აზერბაიჯანული ვერსიით, სომხურ) ტერიტორიებზე, რასაც თან ახლდა მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაკავება, რაც თავის მხრივ გარკვეული სიახლეა, რადგანაც, როგორც წესი, ნახიჭევანი-სომხეთის საზღვარი იყო ყველაზე უფრო მშვიდი მონაკვეთი კონფლიქტის ზონების საზღვრების გასწვრივ.
ექსპერტების შეფასებით, ნახიჭევანის აქტიური მილიტარიზაცია ბაქომ დაიწყო 2010 წლის შემდეგ, როდესაც ანკარასთან დაიდო ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც ასევე გულისხმობს ურთიერთდახმარებას ყველა შესაძლო საშუალებით იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს თავს დაესხმება მესამე ქვეყანა. ნახიჭევანის საერთო/საჯარისო არმიას საკმაოდ ხშირად ეხმარებიან თურქი ინსტრუქტორები, ტარდება ერთობლივი წვრთნები. მთლიანობაში, ნახიჭევანის არმია, შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი სამხედრო ერთეულია, რომელსაც ცენტრისგან დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება. ამ მიმართულებაზე იგზავნება ყველა თანამედროვე ტიპის შეიარაღება (მათ შორის, რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ТОС-1 და თურქული Kasirga, მოქმედების მანძილით 120 კილომეტრამდე, რაც საბოლოოდ სომხეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს ფარავს)
საბოლოოდ, აზერბაიჯანული არმიის აქტივობა რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს პრემიერ ფაშინიანის პოპულისტური ნაბიჯები. გარდა ამისა, ბაქო ერთგვარად ცდის სომხეთის მოქმედი მთავრობის მდგრადობას და აკვირდება შესაძლო რეაქციებს. ასევე, ნახიჭევანთან დამაკავშირებელი გზების არასტაბილურობის გამო (რომელთა ჩაკეტვასაც, კონფლიქტის შემთხვევაში სომხები შეძლებენ), აზერბაიჯანს სურს, რომ მისი ავტონომიური რესპუბლიკა საკმარისად იყოს დაცული და საჭიროების შემთხვევაში, მეორე ფრონტის ფუნქციაც შეასრულოს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ალიევი, როგორც ნახიჭევანელთა კლანის წარმომადგენელი, ცდილობს საკმარისი ყურადღება გამოიჩინოს რეგიონისადმი (მათ შორის, სამხედრო კუთხით)
რაც შეეხება სომხეთს, ფაშინიანის დროებითი მთავრობისთვის, რომელიც კრიზისის ნიშნებს ავლენს, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორედ ყარაბაღის უსაფრთხოებაა. „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც სერჟ სარგსიანის პრემიერობას ამართლებდა იმით, რომ მას საკმარისი გამოცდილება გააჩნია ყარაბაღის პრობლემის გარშემო, ნებისმიერ მცირე წარუმატებლობას სომხეთის მოქმედი მთავრობის მხრიდან მისი დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს. შესაბამისად, ერევანი ორმაგი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, საზოგადოება სომხეთის მთავრობისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს ისრაელისა და ბელორუსის მხრიდან ბაქოსთვის ПОЛОНЕЗ-სა და LORA-ს სარაკეტო სისტემების გადაცემის გამო. დიდი ალბათობით, საზღვრისპირა პროვოკაციები გაგრძელდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა რთული ხასიათი მიიღოს, თუმცა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ ჩანს, რადგანაც რეგიონალურ აქტორებს ამ ეტაპზე ახალი ომის კერის გაჩენა არ აწყობთ (თუმცა, ეს არ იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ ესკალაცია არ მოხდება). გარდა ამისა, ბაქოსთვის მნიშვნელოვანია ყარსი-იღდირი-ნახიჭევანის სარკინიგზო პროექტის განხორციელება, რაც ნახიჭევანის მიმართულებით ტვირთების მოძრაობასა და მიმოსვლას გაცილებით გააიოლებს.

კომენტარები