სომხეთს დაგეგმილი აქვს სირიაში სამხედრო სამედიცინო და გამნაღმველთა კონტიგენტები გაგზავნოს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა განაცხადა. მინისტრის მტკიცებით მათ ეს გადაწყვეტილება სირიის სამოქალაქო ომში ჩართულ მხარეებთან კოორდინაციის შემდეგ მიიღეს. როგორც მინისტრი ტონოიანი სომხურ გამოცემა „Armenpress“-თან ინტერვიუში საუბრობს, სამხედრო ექიმთა და გამნაღმველთა გაგზავნა მიმდინარე წლის ბოლოსკენ, ან 2019 წლის დასაწყისში მოხდება, მანამდე კი მხარეებთან (რუსეთთან და სირიასთან) მემორანდუმის გაფორმების პროცედურები მიმდინარეობდა. თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებას გუშინ, 13 ნოემბერს მოჰყვა პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა პარლამენტში გამართულ სხდომაზე. პრემიერმა ხაზი გაუსვა სომხეთის ჩართულობას სირიის სამოქალაქო კონფლიქტში და იქ მცხოვრები სომხების გაჭირვებაზე ისაუბრა. მან თქვა: „სომხეთი ხელს შეუწყობს მისი თანამოქალაქეებისთვის შექმნას უსაფრთხო ტერიტორიები, რათა მათ სირიაში მშვიდობიანი ცხოვრება განაგრძონ.“

სომეხი სამხედროების გაგზავნის შესახებ პირველად განცხადება ფაშინიანმა 8 სექტემბერს მოსკოვში, პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თავდაცვის მინისტრ ტონოიანის მოადგილემ, გაბრიელ ბალაიანმა კი 11 სექტემბერს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ერევანმა სამხედროების გაგზავნა ომისგან დანგრეულ და გაპარტახებულ ალეპოში, თვით სირიის მთავრობის მოწიწებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.  აქვე აღსანიშნავია, რომ ჯონ ბოლტონმა რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში ერევანში ვიზიტისას ეს საკითხი პრემიერ ფაშინიანთან დეტალურად განიხილა.  ფაშინიანთან შეხვედრისას ბოლტონმა განაცხადა: „პრემიერ მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება სამხედრო დახმარება სირიისთვის, ეს სუფთა ჰუმანიტარული დახმარებაა.“

როგორც ვიცით უკვე კარგა ხანია რუსეთი ცდილობს სირიაში საკუთარი სამხედროები არსებობა რამენაირად საერთაშორისო ნორმებს დაუქვემდებაროს, მაგრამ უშედეგოდ. ხოლო მოკავშირე მხარეების ჩათრევით კონფლიქტს კიდევ უფრო გააჭიანურებს. ცნობილია, რომ სომხეთთან ერთად განაღმვით სამუშაოებში რუსეთს სავარაუდოდ სერბეთიც უნდა დაეხმაროს.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე დაახლოებით 80 000 სომეხი ცხოვრობდა, დღეს კი მათი გარკვეული ნაწილი საკუთარი საცხოვრებლებიდან ომის გამო გაიქცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებიდან ჩანს, რომ ოფიციალური ერევანი 100 სამხედრო ექიმისა და ამავე რაოდენობის გამნაღმველთა გაგზავნას გეგმავს. მათ რიცხვს დაემატება პროფესიონალი სამხედროებიც, რომლთა უშუალო დავალება ზემოთ ხსენებულ დანაყოფთა უსაფრთხოების დაცვა იქნება. ბოლოს კი ტონოიანმა ხაზი გაუსვა სომეხი სამხედროების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას და მონდომებას, რომლებიც ამ რთულ დავალებაზე მიდიან.

კომენტარები