საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი სომხეთისას 2-ჯერ ჩამორჩება, ხოლო აზერბაიჯანისას 4-ჯერ. იქმნება საკმაოდ საინტერესო სიტუაცია: ტრადიციულად, სამხედრო ხარჯებით ორივეს აზერბაიჯანი უსწრებდა-2014 წლისთვის, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი საქართველოსა და სოხეთზე 8-ჯერ დიდი იყო, თუმცა კონფიგურაცია საკმაოდ მკვეთრად შეიცვალა.

დღეისთვის, ყველაზე უფრო მწირი რესურსები თავდაცვისთვის საქართველომ გამოყო 281 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, როდესაც სომხეთის შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი 518 მილიონ დოლარს უტოლდება. აზერბაიჯანმა კი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეამცირა ბიუჯეტი და მიმდინარე წელს მხოლოდ მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო. (შედარებისთვის, უახლოესი წლების წინ მისი ბიუჯეტი 3.8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა)

აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთსა და თურქეთზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. საკმარისია გავიხსენოთ სომხეთის მიერ გასულ წლებში შეძენილი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები „ისკანდერი“ და „ტოჩკა-უ“. 2016 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ, სომხეთმა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით დაიწყო სამხედრო მრეწველობის განვითარება. უნდა ითქვას, რომ იგი ამისთვის ძირითადად რუსეთის რესურსებს იყენებს. როგორც ცნობილია, სომხეთი ასევე გეგმავს მის შეიარაღებაში არსებული ტ-72-ების მოდიფიცირებას. ასევე, სომხურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, იგეგმება არმიის რიცხოვნობის ზრდა, რომელიც ამ ეტაპზეც თითქმის ორჯერ დიდია საქართველოს არმიაზე ( სომხეთის არმიაში 67 000 სამხედრო ირიცხება)

ზოგიერთი უსაფრთხოების ექსპერტი უკვე ალაპარაკდა სომხეთის მცდელობაზე, როგორმე აღადგინოს აზერბაიჯანთან სამხედრო ძალის ბალანსი. უახლოეს მოვალაში ამის განხორციელება სათუაოა, თუმცა, თუ ტემპების შენარჩუნება მოხერხდა, სომხეთი უდავოდ შეძლებს რეგიონში პოზიციების გამყარებას. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მანაც გასულ წელს საკმაოდ დიდი მოცულობით განახორციელა სამხედრო შესყიდვები. იგი ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობს თურქეთთან და როგორც აღმოჩნდა, ისრაელთანაც. მისი სამხედრო შეიარაღება საკმაოდ შთამბეჭდავია და ბევრად აღემატება საქართველოს შეიარაღებას, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლებით (აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს ხანებში მოგაწვდით). ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მხრიდან თავდაცვის საკითხევის მეათე პლანზე გადაწევა გაუგებარია. საქართველოს სამხედრო ხარჯების 55% ხელფასებზე მიდის. თუ ამას დავუმატებთ იმგვარ „უმნიშვნელო“ ხარჯებს, როგორიცაა შენობებისა და ტექნიკის ექსპლუატაცია, საკანცელარიო ნივთების შესყიდვა და ა.შ. აღმოჩნდება, რომ თავდაცვისუნარიანობის განვითარებაზე თითქმის არაფერს ვხარჯავთ. ბოლო წლების განმავლობაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ „დელტას“ მიერ ქართული ჯარისთვის მისაწოდებელ ჯავშანჟილეტებს და 2 წლის წინ საფრანგეთთან დადებულ ხელშეკრულებას საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენაზე, გამოვა, რომ შეიარაღებას თითქმის არ ვყიდულობთ და არც ბრძოლისუნარიანობის გაზრდაზე ვზრუნავთ.

ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც საქართველოს სამხრეთით პერიოდულად იძაბება ვითარება (იგულისხმება სროლები ყარაბაღის საზღვარზე) რუსეთის მხრიდან გამალებული სადემარკაციო სამუშაოები, რასაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცება ახლავს თან.

კომენტარები