29 მარტს, ერევანში გამართულ ArmHitech 2018-ზე, რუსეთის ფედერაციასა და უზბეკეთის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უზბეკეთი 10 ერთეულ რუსული წარმოების სამხედრო ვერტმფრენს, Mi-35M-ს შეიძენს – იუწყება Ria Novost. გამოცემა გვთავაზობს ვლადიმერ დროზდოვის განცხადებასაც, სადაც ის შეთანხმების შესახებ საუბრობს. უნდა აღინიშნოს რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან უზბეკეთის აწ უკვე გარდაცვლილი მმართველის ისლამ ქარიმოვის დროს უზბეკეთს შორი დისტანცია ჰქონდა დაცული მოსკოვთან. ასევე მისი მმართველობის დროს უზბეკეთი  აპირებდა  ფრანგული მხარისგან შეეძინა 6 ერთეული სამხედრო სატრანსპორტო შვეულმფრენი „Cougar“ და 10 ერთეული დამრტყმელი კლასის შვეულმფრენი. კონტრაქტის მოცულობა დაახლოებით 180 მილიონ ევროს შეადგენდა მაგრამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ შეთანხმება ჩაიშალა.

უზბეკეთის ახალმა მმართველმა შავკათ მირზიოევი რომელიც ქვეყნის სათავეში 2016 წლეს მოვიდა, რუსეთთან 2017 წელს დადებული ხელშეკრულებით საფუძველი დაუდო სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ახალ საფეხურს მოსკოვსა და ტაშკენტს შორის. ხელშეკრულების მიხედვით უზბეკეთი საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის იარაღს შეღავათიან ფასებში მიიღებს და არანაირი ზედმეტი საექსპორტო ღირებულება არ ექნება დამატებული რუსეთის მხრიდან.

აშკარაა, რომ მირზიოევი ცდილობს მოიძიოს სხვადასხვა გზები რათა გაიღრმავოს რუსეთთან სამხედრო თუ პოლიტიკური კავშირები. ამ მისწრაფებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის პოზიციაც. 27 მარტს ტაშკენტში ორ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა ავღანეთის პრობლემის შესახებ, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტერეზა მეის წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში გარეტ ბეილეიმ, ისაუბრა სპეციალურ დახმარებაზე ავღანეთისა და უზბეკეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ბეილეიმის ცნობით ბრიტანეთს გამოყოფილი აქვს 750 მილიონი ფუნტ სტერლინგი (დაახლოებით 1.06 მილიარდი დოლარი)  მათთვის, რაც რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს.

ჯერჯერობით უზბეკეთის მთავრობის მიერ შეძენილ MI-35M-ების ექსპლუატაციის დეტალები არაა ცნობილი.  ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შვეულმფრენების დისლოცირება მოხდება კაშკადარიას რეგიონში, ქალაქ ქარშიში ხონობადის საჰაერო სამხედრო ბაზაზე. ექსპერტების ეს შეფასება სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან 29 იანვარს უზბეკეთის პრეზიდენტი მირზიოევი ხონობადის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. აღსანიშნავია რომ ეს ბაზა 2001 წლიდან 2005 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ემსახურებოდა, საიდანაც ავღანეთის მიმართულებით სამხედრო ფრენებს ახორციელებდნენ. მაგრამ 2005 წელს საჰაერო ბაზის დახურვა და იქედან ამერიკელების წასვლა მაშინდელი პრეზიდენტის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებამ გამოიწვია რასაც დაემატა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემები. უზბეკეთი ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა რეგიონში, როდესაც ბუშის ადმინისტრაციამ ანტიტერორისტული კამპანიები წამოიწყო ავღანეთში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ  ბაზის არსებობა აშშ-სთვის რადგან სტრატეგიული თვალსაზრისით ის ავღანეთთან ახლოს იყო. მაგრამ სიტუაცია 2005 წლის მაისში შეიცვალა,  უზბეკეთში ქალაქ ანდიჯანში მოეწყო მასობრივი ანტი სამთავრობო აქციები, მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. ისლამ ქარიმოვის მოქმედებებმაც არ დააყოვნა და მან სისხლში ჩაახშო აქციები, დაიღუპა დაახლოებით 1500 მომიტინგე.  ამ ქმედებამ დიდი აჟიოტაჟი გამოწვია დასავლურ მედიაში, ამას თანდაერთო საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაც ამრეკისთვის სტრატეგიული მეტოქის ჩინეთის სასარგებლოდ.

დღევანდელი მონაცემებით უზბეკეთის საჰაერო ძალები შედგება მოძველებული 180 ერთეული საბჭოთა წარმოების სხვადასხვა ტიპის საჰაერო აპარატისგან.  ახალი ხელისუფლება აქცენტს თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე აკეთებს. უზბეკეთის პარლამენტმა 9 იანვარს დაამტკიცა ახალი დოქტრინა რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სამხედრო ინდუსტრიის განვითარება.

იარაღით ვაჭრობა პუტინის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ამით კრემლი პირველ რიგში ახდენს გავლენის სფეროების გაფართოებას ყოფილ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე (იხ. სტატია). უზბეკეთის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსიც პრო-რუსულია, რასაც მაქსიმალურად გამოიყენებს პუტინი. შეგახსენებთ, რომ მირზოიევმა გულმხურვალე მილოცვები არ დაიშურა პუტინის მიმართ როდესაც ის მარტში კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის პრეზიდენტი. საუბარის დროს მირზოიევმა რუსი კოლეგა უზბეკეთში დაპატიჟა და პუტინმაც თანხმობა განაცხადა. როგორ განვითარდება მოვლენები ამას სულ ცოტა ხანში შევიტყობთ, მანამდე კი დაველოდოთ პუტინის ვიზიტს უზბეკეთში.

კომენტარები