როგორც ცნობილია, ცივი ომის დროს აფრიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირისთვის. მოსკოვი აქ ახორციელებდა სხვადასხვა ქმედებებს რათა იდეოლოგიური მოწინააღმდეგის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გავლენა შეესუსტებინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვის აფრიკული ამბიციები სოციალიზმთან ერთად დაიმარხა, მაგრამ პუტინის გაპრეზიდენტებამ და მისმა იმპერიულმა ამბიციებმა აფრიკა კვლავ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცია.

რუსეთი, აფრიკაში ჰეგემონიის მისაღწევად ახორციელებს სხვადასხვა ეკონომიკურ და ენერგო პროექტებს. ასევე დიდი ოდენობით აწვდის საკუთარ იარაღს აფრიკულ ქვეყნებს. მოსკოვი ხელს უწყობს ასევე აფრიკელ სტუდენტებს, სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებით რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება კურირებს, მათ რუსეთის ფედერაციის წამყვან უნივერსიტეტებში უფასოდ  ასწავლის. მოსკოვმა ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რათა პრეზიდენტ არჩანგ ტუადერას  ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმაროს (როგორც ვიცით ვაგნერის მოქმედებების გამოძიებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკავშირდება სამი დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა). რაც შეეხება სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, ამ ორგანიზაციას უკავშირდება პუტინის გარემოცვიდან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი. სახელმწიფო უსაფრთხოების განმტკიცების გარდა „ვაგნერი“ უზრუნველყოფს რუსული ოქროს მომპოვებელი კომპანიების უსაფრთხო მოქმედებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ისინი ტერორისტების მიერ კონტროლირებად ადგილებში მოქმედებენ. როგორც ჩანს რუსეთმა ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა.  რაც შეეხება რუანდას რესპუბლიკას, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა პოლ კაგამემ სულ ახლახან მოსკოვს სთხოვა, რომ ენერგო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავონ. ენერგო თანამშრომლობის გაღრმავების გარდა საუბარი შეეხო ასევე რუსული იარაღის ექსპორტსაც რუანდაში და რუანდელი სტუდენტების გაგზავნას რუსეთის ფედერაციის უნივერსიტეტებში.

როგორც ზემოთ აღვნიშნე რუსული კაპიტალი ბრუნავს ენერგეტიკაში, მინერალების მოპოვებასა და სხვადასხვა სექტორებში. აღსანიშნავია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აწ უკვე განხორციელებული ვიზიტები აფრიკის კონტინეტზე. რის შედეგადაც, 2015 წელს რუსულმა კომპანია „როსტექმა“ (Ростехнологии), დიდი ოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, პარალელურად კი აფრიკის სამხედრო ბაზრის ათვისებაც შეძლო. „როსტექის“ მფლობელმა და პუტინის გარემოცვის წარმატებულმა ოლიგარქმა სერგეი ჩემეზოვმა, მოიგო 30 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი და უგანდისთვის ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. გარდა ამისა „როსტექი“ ახორციელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც, რათა ტვირთების ტრანსპორტირება უფრო ადვილი და უსაფრთხო გახდეს. უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით სამომავლოდ უნდა ველოდოთ უფრო მეტი რუსული კერძო სამხედრო კომპანიების გამოჩენას აფრიკის ქვეყნებში.   

მოსკოვის ინტერესებს იწვევს ასევე მოზამბიკში არსებული უდიდესი გაზის მარაგიც. პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა(სურათზე), რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნე ფლობს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს,  განახორციელა დიდი ოდენობის ინვესტიცია სუდანში და იქ არსებული ოქროს საბადოებიდან მინერალების მოპოვება დაიწყო. გარდა ამისა რუსეთი აქტიურადაა დაკავებული ანგოლის რესპუბლიკის „ათვისებაშიც“ თუ რუს დიპლომატებს დავუჯერებთ ქვეყანას რუსული დახმარება ესაჭიროება, რომ მოხერხდეს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების დამუშავება.

 

სამხედრო კავშირები

რუსული სამხედრო დაზვერვამ (GRU) მნიშვნელოვნად გაზარდა მოქმედებები აფრიკის რესპუბლიკებში. მაგალითად სამხერთ აფრიკამ და რუსეთის ფედერაციამ ერთობლივი ძალებით გაუშვეს თანამგზავრი კოსმოსში რათა სადაზვერვო მისიები განეხორციელებინათ აფრიკის კონტინეტზე. რუსეთის ინტერესებს იწვევს ასევე მისი ცივი ომის დროინდელი მოკავშირეებიც, ლიბია და ეგვიპტე.

მაგალითად, რუსეთი მხარს უჭერს ლიბიაში მეამბოხეთა ლიდერს გენერალ ხალიფა ჰაფთარს, რომლის მთავრობაც ლიბიის ქალაქ ტობრუკში მდებარეობს. ხოლო 2016 წელს, რუსეთმა ლიბიის ცენტრალური ბანკისთვის დაბეჭდა 4 მილიარდი დინარი (დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარი). აღსანიშნავია, რომ ლიბიის ცენტრალური ბანკი გენერალ ჰაფთარის მხარდამჭერია ამიტომ რუსეთმა ფინანსურ სექტორშიც საკუთარ მარიონეტს საფუძველი გაუმყარა. გენერალმა ჰაფთარმა მრავალჯერ მოინახულა მოსკოვი სადაც იქ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რუკაზე გამოსახულია ქვეყნები რომლებმაც რუსეთისგან სხვადასხვა ტიპის შეიარაღება მიიღეს 2012-2016 წლებში.

 

რისთვის ჭირდება რუსეთს აფრიკა?

რუსეთს აფრიკის კონტინენტი სჭირდება რათა დასავლეთიდან წამოსულ სანქციებს უფრო მოქნილად და შედეგიანად გაუმკლავდეს (რასაც ახერხებს კიდეც). აფრიკის კონტინენტზე არსებული ბუნებრივი რესურსები და სამხედრო თუ სამოქალაქო ბაზარი, რუსულ კომპანიებს იდეალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. რუსეთის აფრიკაში დაბრუნება პირველ რიგში გამოიწვია დასავლეთთან გაფუჭებულმა ურთიერთობამ, სანქციებით ალყაშემორტყმულმა რუსეთმა მზერა აფრიკის კონტინენტისკენ მიაპყრო.  მეორე მიზეზი კი გახლავთ ჩინეთის, ინდოეთის, აშშ-ს და ევროკავშირის (საფრანგეთის) დაბალანსება რეგიონში. მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი კაპიტალი დააბანდოს რეგიონში და ხელფეხი შეუკრას მის კონკურენტებს, რასაც ახერხებს კიდეც. მესამე მიზეზი კი გახლავთ წმინდა იდეოლოგიური, რუსული საინფორმაციო საშუალებები შიდა აუდიტორიისთვის, რუსეთს ვლადიმერ პუტინის ხელში იმპერიად წარმოაჩენენ, რომელმაც აფრიკის კონტინეტზე რუსეთს იმპერიული მემკვიდრეობა დაუბრუნა, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ დაკარგა.

რუსეთი დაჟინებით ცდილობს დააბალანსოს აფრიკულ-ევრაზიული სტრატეგია და საკუთარი გავლენის სფეროები მაქსიმალურად გაიმყაროს მესამე სამყაროს ქვეყნებში. შედეგადაც კიდევ უფრო შეამსუბუქებს აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან წამოსულ სანქციებს. რუსული კაპიტალის შეჭრა აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პუტინის და მისი გარემოცვის იმპერიულ ამბიციებს. ენერგო სექტორსა და სამხედრო სფეროში დაბანდებული სახსრებით ხდება რუსული გავლენის გაზრდა, რითაც ხელი ეშლებათ ამერიკულ და ევროპულ ინტერესებს. რუსული გავლენის გაზრდით ხდება რუსულ ორბიტაზე დაახლოება სადაც საინფორმაციო ომის მეშვეობით ხორციელდება ანტიდასავლური ფასეულობების ჩანერგვა მოსახლეობაში. გარდა ამისა რუსეთს აფრიკული ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რათა საკუთარო დამყრობლური პოლიტიკა გაამართლოს საქართველოსა და უკრაინაში.

კომენტარები