XXI საუკუნეში სხვადასხვა გასამხედროებული დაჯგუფებები მოთხოვნადია და ფართოდ გამოიყენება, ვინაიდან მათი სამსახური საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ამასთანავე ძვირიც. ეს დაჯგუფებები პირნათლად ასრულებენ დამქირავებლის მითითებებს და ხარისხით რეგულარულ არმიას არ ჩამოუვარდებიან. თუმცა ისტორიაში უხვად მოიპოვება ისეთი ფაქტები, სადაც ასეთი შენაერთების არაეფექტურობა იკვეთება. დღეს დაქირავებული ჯარი კერძო სამხედრო კომპანიას წარმოადგენს, ისტორიული წინამორბედებისგან განსხვავებით მათი შესაძლებლობები და გამოწვევები რადიკალურად განსხვავებულია. ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი ნიკოლო მაკიაველი დაქირავებულ ჯარს სრულ უნდობლობას უცხადებდა, აი რას წერდა ის მთავარში:

„დაქირავებული და მაშველი ლაშქარი უსარგებლოა და საშიში. და თუ ვინმე დაქირავებულ ლაშქარზე აფუძნებს თავისი სამთავროს ძლიერებას, მისი ძალაუფლება არასოდეს არ იქნება მტკიცე და ურყევი; ვინაიდან ყველა ამნაირ ლაშქარში განხეთქილება სუფევს, ისინი ყველა პატივმოყვარენი არიან, აღვირახსნილნი, მუხანათნი; თავხედნიმეგობრებს შორის, მხდალნიმტრების პირისპირ; არც ღმრთის შიში აქვთ და არც რწმენა კაცთა მიმართ, ხოლო მათ დამარცხებას იმდენივე დრო სჭირდება, რამდენ ხანსაც გრძელდება მათი შეტევა; თუ მშვიდობაა, ისინი თვითონვე ძარცვავენ მოსახლეობას, ომის დროს კი მტერს აძარცვინებენ მას.“

დღეს რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღეთ, კერძო სამხედრო კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მათ წარმატებული სამხედრო თუ არასამხედრო ოპერაციების შესრულება, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლისთვის გვერდის ავლა მარტივად შეუძლიათ. საპსაუხოდ გვაქვს უამრავი შემთხვევა როდესაც კერძო სამხედრო კომპანიები დამქირავებელს უხერხულ სიტუაციაში აგდებენ და მედიის ყურადღების ცენტრში ექცევიან. მაგალითად სირიაში, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „Группа Вагнер-ის“ წევრებმა დიერ-ერ-ზორში, ამერიკელი სამხედროებისგან გამანადგურებელი დარტყმა მიიღეს. აღსანიშნავია ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ ლათინოამერიკელი, უმეტესწილად კოლუმბიელი სამხედროების დაქირავება, იემენში მიმდინარე კონფლიქტის გამო.

დღესდღეობით კერძო სამხედრო კომპანიების არაეფექტურობის საკითხი ნაკლებად საკამათოა, მაგრამ მაკიაველის მოსაზრებას რომ ეწინააღმდეგება მათი გამოყენება ფაქტია. ომის წარმოების განვითარებამ ახალი შესაძლებლობები და მოთხოვნები გააჩინა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარი ქმედების და განზრახვის უარყოფის შესაძლებლობაა. კერძო სამხედრო კომპანიები ქვეყნებს საშუალებას აძლევენ თავიდან აირიდონ პირდაპირობის პრინციპი, რაც თავის მხრივ კონფლიქტში ჩართულობის  ნებისმიერ კვალს შლის და არც დაპირისპირებაში მონაწილეობაზე მიანიშნებს. 

ამერიკის შეერთებული შტატებში, კერძო სამხედრო კომპანია „Blackwater“ – მა სახელი ერაყში მიმდინარე ომის დროს გაითქვა. კომპანიის უპირველესი მიზანი მაღალი რანგის დიპლომატების და სამხედრო პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მაგრამ „Blackwater“ – ს სარეზერვო ფუნქციაც ჰქონდა. კომპანიის მებრძოლები აქტიურად მონაწილეობდნენ რეგულარული არმიის დანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რთულ ოპერაციებში, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვდა. ამ ყველაფრის შემდეგ პენტაგონში ნათლად დაინახეს, რომ თუ კერძო სამხედრო კომპანიას გამოიყენებდნენ სახელმწიფო იხსნიდა ყოველგვარ ვალდებულებას საერთაშორისო სამართლის წინაშე და ანგარიშვალდებულება მხოლოდ კომპანიას ეკისრებოდა, პარალელულად კი საერთაშორისო საზოგადოებაში ფეხი მოიკიდა კომპანიის უარყოფითმა იმიჯმა და კომპანია „Blackwater“ – ს  ძალის გადამეტებაში, კერძოდ კი ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება რუსულ კერძო სამხედრო კომპანიებს, რუსეთის ფედერაციის დაქირავებული მებრძოლები ეფექტურად ახორციელებენ სხვადასხვა ოპერაციებს უკრაინაში, ახლოს აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე(იხილეთ ჩვენი სტატია).  ამით ოფიციალური მოსკოვი მალავს იმპერიულ ამბიციებს და მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებას აქტიურად უშლის ხელს. აღსანიშნავია ასევე რუსეთის მოსახლეობაში უკმაყოფილების გაჩენაც, რაც კერძო სამხედრო კომპანიების მიერ მოქალაქეების ცხელ წერტილებში გაგზავნამ შეუწყო ხელი. მოსკოვის მიერ კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენება მას საშუალებას აძლევს უარყოს ყოველგვარი კავშირი აფრიკის კონტინეტსა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე, მაგრამ მსოფლიოს წამყვან გამოცემებში მათი კვალი არ იმალება. ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიებისგან განსხვავებით რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ ინდივიდებს ემსახურებიან, რუსი დაქირავებული მხოლოდ პუტინის იმპერიულ ამბიციებს ასრულებენ სადაც არ უნდა მსახურობდნენ ისინი.

ჩვენს ეპოქაში კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენება რადიკალურად ცვლის ომის წარმოების კონვენციურ გაგებას და ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნებს და მათ სპეცსამსახურებს. კერძო სამხედრო კომპანიები  დემოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს შესაძლებლობას აძლევენ, რომ საკუთარი განზრახვები დამალონ ან თუნდაც უარყონ კონფლიქტში ჩართულობა. მათი გამოყენებით სარგებლის მაქსიმუმის მიღება იაფად არის შესაძლებელი, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად საერთაშორისო საზოგადოების ქარცეცხლს დამქირავებელი შეიძლება ვერ გაექცეს. როგორც ხედავთ დღევანდელი რეალობა სტატიის დასაწყისში მოტანილ მაკიაველის რჩევასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ომის წარმოების მეთოდები და ხერხები მნიშვნელოვნად შეიცვალა.

კომენტარები