2008 წლის თებერვალში, კავკასიაში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინმა სოფელი ბეშტაც მოინახულა და ადგილობრივებთან საუბრისას გზის გამავლობით დაინტერესდა: ეს გზა საქართველოსკენ მიდის? შეუძლიათ თუ არა მასზე ტანკებს გავლა? სწორედ ეს კითხვები დასვა მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა და საქართველოსკენ მიმავალი კიდევ ერთი გზის მშენებლობის საჭიროებაზე ალაპარაკდა.

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, დაღესტანიდან საქართველოზე გამომავალ საფეხმავლო ბილიკებს რუსეთის იმპერია სამხრეთ კავკასიაში ძალების შემოსაყვანად იყენებდა. მოგვიანებით ეს გზები საქართველოს სამხედრო გზამ ჩაანაცვლა.

აქვე უნდა ითქვას, რომ რუსული სტრატეგია კავკასიაში იმტავითვე იზოლაციონისტურ და ექსპანსიურ ხასიათს ატარებდა.  რუსეთს 18 საუკუნემდე არ გააჩნდა საკუთარი ტერიტორიის დასაცავი ბუნებრივი ზღუდეები, რამაც რუსულ გეოპოლიტიკურ აზროვნებაში მყარად დაამკვიდრა ბუფერების ძიების ტენდენცია. გამომდინარე იქიდან, რომ ღია ველზე მოწინააღმდეგესთან ბრძოლას გარდაუვალად მივყავართ საკუთარი ტერიტორიის ნგრევასთან, ჯერ კიდევ რუსი ბოიარები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა საკუთარი ტერიტორიიდან რაც შეიძლება შორს უნდა ეწარმოებინათ, რაც თავის მხრივ მათ უბიძგებდა ძალების პერიფერიაზე განლაგებისკენ, რათა ცენტრი დაცული ყოფილიყო. თუ შევხედავთ რუსეთის სახელმწიფოს გაფართოების დინამიკას, ის იზრდებოდა წრიულად, 360 გრადუსით იერთებდა ტერიტორიებს და ამით ცდილობდა ცენტრის უსაფრთხოება დაეცვა.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გეოპოლიტიკური ლოგიკით შეიქმნა საბჭოთა კავშირიც და რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასაც საფუძვლად სწორედ ეს აღქმა უდევს.

კავკასიას, როგორც ბუნებრივ ბარიერს რუსეთის იმპერიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, მას შემდეგ რაც რეგიონში რუსეთი გამჩნდა, იგი ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ როგორმე მოწყვიტოს ჩრდილოკავკასიელი ხალხები გარესამყაროს და მაქსიმალურად ჩაკეტოს აღნიშნული სივრცე. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, რუსეთი თითქოს სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, როდესაც ჩრდილოკავკასიელ ხალხს უხსნის პროდასავლურ საქართველოსთან გზას, რაც ცხადია მნიშვნელოვნად შეცვლის განწყობებს. არ უნდა დავივივწყოთ ის ფაქტიც, რომ გასულ წლებში რუსული ძალები კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ ჩრდილოკავკასიელ ექსტრემისტებთან თურქული სპეცსამსახურების კავშირებზე. თუკი საქართველოსთან კიდევ ერთი გზა გაიხსნება, ცხადია კავკასიელებს უფრო მეტად გაუმარტივდებათ თურქეთში მოხვედრა, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს რუსეთი ბევრად უფრო დიდ დივიდენდებს ელის აღნიშნული პროექტის განხორციელებისგან, ვიდრე პრობლემების ის არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავარო-კახეთის გზატკეცილის მშენებლობამ ექსპერტებში იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. განსაკუთრებით შეშფოთებული იყო ქართული მხარე, რადგანაც ბოლო 10 წლის განმავლობაშ რუსეთმა იომა უკრაინასა და საქართველოსთან, მიიერთა ყირიმი, მოახდინა აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაცია. შესაბამისად, საქართველოსკენ მომავალი კიდევ ერთი გზის მშენებლობა დამშვიდების საფუძველს ნამდვილად ვერ იძლევა.

სტატიაში ჩვენ გავაანალიზეთ და წარმოვადგინეთ სიტუაციის რუსული, სომხური და ქართული აღქმა: ვინ რას ელის აღნიშნული პროექტიდან, ვისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ იმოქმედებს ის და რა სარგებელი ან ზარალი შეიძლება ნახოს ამ ყველაფრიდან საქართველომ.

 

აღნიშნული იდეა სულაც არაა ახალი

საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ დაღესტანისა და საქართველოს პირდაპირი დაკავშირება საავტომობილო გზით არაა ახალი იდეა და მის განხორციელებას ჯერ კიდევ 90-იან წლებში ცდილობდა დაღესტანელი ბიზნესმენი მოგამედ კებედოვი, რომელმაც რამდენიმე ათეული კილომეტრიც კი დააგო, თუმცა კრემლის უშუალო ჩარევით, მშენებლობა 1997 წელს შეაჩერებინეს.

ამ მომენტისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ავარო კახეთის გზატკეცილი დაიწყება მახაჩკალიდან და ბეშთა-ახალსოფელი-ყვარელის გავლით შემოვა ჯერ თბილისში და შემდეგ ერევანში. უნდა ითქვას, რომ პროექტი საკმაოდ ამბიციურია, რადგანაც თუ რუკაზე დავხედავთ, ამ მომენტისთვის მახაჩკალასა და თბილისს გრუნტის გზაც კი არ აკავშირებს. ასევე საინტერესო მომენტია ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საწარმოებელ სამუშაოებსაც რუსეთის ფედერაცია გადაიხდის (თუ რა თქმა უნდა, ოფიციალური თბილისი დათანმხდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას) ეს ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს, რადგანაც ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთი ამას საქველმოქმედო მიზნებისთვის აკეთებდეს, მით უფრო, რომ პროექტი სხვადასხვა მონაცემებით 1 მილიარდ დოლარს უტოლდება. ჩრ. კავკასიის რთული რელიეფის გამო, რუსეთს მოუხდება 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენება. ცხადია, ამგვარ ძალისხმევას რუსეთი ტყუილად არ მიმართავს და ეს ყველაფერი პროექტის პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს.

 

რა სურს რუსეთს?

თავად რუსი ექსპერტების გარკვეული ნაწილი (მაგალითად რფ-ს პრეზიდენტის  ყოფილი მრჩეველი ილარიონოვი) ღიად ამბობს, რომ პროექტი იმთავითვე საფრთხის შემცველია საქართველოსთვის. ქვემოთ გთავაზობთ იმ დივიდენდებს, რასაც რუსეთი აღნიშნული პროექტის განხორციელებით მიიღებს.

-ზემო ლარსისგან განსხვავებით, რუსეთს ექნება ბევრად უფრო საიმედო კიდევ ერთი შემოსასვლელი საქართველოში, რომელზეც ნაკლებად იმოქმედებს კლიმატური პირობები (როგორც ცნობილია, ზამთარში ლარსზე მოძრაობა ხშირად იკეტება დიდთოვლობის გამო). სხვა მომენტებთან ერთად, რუსეთი სომხეთში არსებული საკუთარი ბაზების მომარაგებას ბევრად უფრო იაფად შეძლებს (ამჟამად, ძირითადად საჰაერო გზებით ხდება მომარაგება) ყოველგვარი წყვეტის გარეშე.

-საჭიროების შემთხვევაში, რუსული სამხედრო ძალები კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით შემოიჭრებიან საქართველოში. ამისთვის მას უკვე გააჩნია რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს სამხედრო გზა. თუმცა, თუ რუკაზე შევხედავთ, რუსეთს არ აქვს პირდაპირი საგზაო კავშირი კახეთისა და აღმოსავლეთის მთიანეთის მრავალ რეგიონთან, ხევისა და მთიულეთის გარდა. საომარი ვითარების დროს, სომხეთში არსებული ბაზების გამოყენების შემთხვევაშიც, რუსეთს არ შეუძლია თბილისის ყველა მხრიდან ბლოკირება. ახალი გზის მშენებლობის შემდეგ კი მას ფაქტობრივად საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ოლქზე ერთდროული შეტევისა და საქართველოს დადაქალაქის ყველა მხრიდან ბლოკირებას შეძლებს. სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს სურს მაქსიმალურად გაიმარტივოს საქმე. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ პროცესის პარალელურად რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია სამხრეთ ოკრუგში (რომელშიც ასევე შედის ჩრდილოეთ კავკასია) იზრდება: რფ-ს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 49-ე და 58-ე არმიებს  დაემატება მე-8 საერთო-საჯარისო არმია. მართალია, ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახალი არმია ძირითადად უკრაინის მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, თუმცა აღნიშნული ფაქტი მაინც ცვლის სამხედრო ძალთა ბალანსს საქართველოს ჩრდილოეთით.

-რუსეთი გაზარდის ტვირთბრუნვასა და რესურსების გაცვლის ინტენსივობას საკუთარ მოკავშირე სომხეთთან და ირანთან. გარდა სამხედრო-პოლიტიკური ასპექტებისა, რუსეთისთვის აღნიშნული პროექტი ეკონომიკური დივიდენდების მომტანიცაა.

-რუსეთი შეძლებს  დაიკავოს სატრანსპორტო დერეფანი ერთდროულად სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყარაბაღის მიმართულებით. ფაქტობრივად ის გაწყვეტს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ღერძს, რომელიც ირანი-სომხეთი-რუსეთის საპირწონედ მოიაზრებოდა და რომლის გავლენების გაფართოებას აღმოსავლეთით, შუა აზიის ქვეყნებისკენ საკმაოდ პერსპექტიულად მიიჩნევდნენ დასავლეთში.

-რუსეთს მიეცემა კიდევ ერთი მძლავრი ბერკეტი საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებისთვის-აღნიშნული გზის ამოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე რუსულ გავლენას გაზრდის. რუსეთი კი, როგორც ცნობილია, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სულაც არ ერიდება ეკონომიკური და ენერგორესურსებით შანტაჟს.

-გარდა პირდაპირი საფრთხეებისა, არსებობს არაპირდაპირი საფრთხეებიც: რუსულ სპეცსამსახურებს მიეცემათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები, პანკისის ხეობაში და მიმდებარე ტერიტოებზე შეიტანონ შეიარაღება, გააფართოვოს იატაკქვეშა ექსტრემისტული მოძრაობები და ეს ყველაფერი ისევ საქართველოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ცნობისთვის, ამ ეტაპზე ექსტრემისტული დაჯგუფებების უმეტესობა დაღესტანის ტერიტორიაზე მოქმედებს. გარდა ამისა, რუსეთი დაინტერესებულია ექსტრემისტების გადინებით საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ არც თუ ისე შორეულ წარსულში-რუსული სპეცსამსახურები ყველანაირ პირობებს ქმნიდნენ საიმისოდ, რომ ბოევიკები გასულიყვნენ კავკასიიდან და ე.წ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეერთებოდნენ. შეგახსენებთ, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების 40 პროცენტამდე სწორედ კავკასიური წარმოშობის ექსტრემისტები იყვნენ.

 

როგორ უყურებენ საკითხს ჩრდილოკავკასიელები?

მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი დაღესტანში დიდი ინტერესით და იმედით უყურებენ მიმდინარე პროცესებს. მათთვის ძალიან მომგებიანი იქნება, თუკი აღნიშნული პროექტი განხორციელდება. ამისთვის მათ ასევე რამდენიმე მიზეზი აქვთ:

-აღდგება ისტორიულად მნიშვნელოვანი გზები, რომელიც ჩრდილოკავკასიას ამიერკავკასიასთან აკავშირებდა.

-თავად პროექტის განხორციელება, რომელიც როგორც ზემოთ ვთქვით, საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოითხოვს, უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის თავად ჩრდილოეთ კავკასიაში. გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და განვითარდება ინფრასტრუქტურა.

-საბოლოოდ, ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ დივიდენდებს მოიტანს, რადგანაც გამარტივდება ვაჭრობა, მიმოსვლა და გაიზრდება ტვირთბრუნვა. ეს დაეხმარება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიელებს, რომ გაიუმჯობესონ საარსებო გარემო.

 

რა სურს სომხეთს?

რუსეთი სომხეთის უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა. რაც შეეხება ეკონომიკას, საკმარისია ითქვას, რომ სომხეთში იმპორტირებული საქონლის 80% რუსული წარმოშობისაა.

ამ მომენტისთვის, ერთადერთი ოფიციალური გზა, რომელიც ერევანს თბილისსა და მოსკოვს აერთებს არის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა, რომელიც წარმოადგენს ძირითად ტვირთების გამტარს სომხეთსა და რუსეთს შორის. როგორც ზემოთ ითქვა, აღნიშნული მაგისტრალი მუშაობს სეზონურად და ზამთარში საკმაოდ ხშირად იკეტება გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო.  დაღესტანისკენ გადასასვლელი უღელტეხილები, რომელზეც ავარო-კახეთის გზატკეცილი გაივლის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ მხრივ შედარებით სტაბილურია. სომხეთს მიეცემა საშუალება, რომ უწყვეტ ნაკადად გაატაროს რუსეთისკენ როგორც საკუთარი, ისე ირანული ტვირთები, რაც თავის მხრივ საკმაოდ სოლიდურ შემოსავლებს მისცემს. შესაბამისად, იგი ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა. სომხეთში აცნობიერებენ, რომ უმთავრეს მოკავშირესთან სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ პროცესში საქართველოს ჩართვით შეიძლება იყოს განხორციელებადი, როდესაც საქმე მიდგება სახმელეთო გზებით ტვირთების ტრანსპორტირებაზე. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი ავანტიურისტულად იქცევა და ზოგ შემთხვევაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგაც არ ერიდება წასვლა. ერევანი აქტიურად (მო)ითხოვს, რომ აღდგეს აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელზეც  შეუფერხებლად შეიძლება იმოძრაოს ტვირთებმა, ან საქართველომ გამოხატოს პოლიტიკური ნება, რომ გადაზიდვებისთვის გამოყენებული იქნას გორი-ცხინვალი-ვლადიკავკაზის მონაკვეთი, რომელიც ასევე სტაბილურია და შეუზღუდავად შეიძლება ტვირთების გატარება.

 

როგორი იქნება პროქეტის მომავალი?

როგორც ვხედავთ, აღნიშნული პროექტის განხორციელებისას მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესები ზარალდება. იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური თბილისი პროექტში არ ერთვება (თუმცა, ვერ ვიტყვით რომ მისი განხორციელება სადმე კატეგორიულად უარჰყო) პროექტის ბედი ჰაერში რჩება. თუმცა, სამშენებლო სამუშაოები მაინც მიმდინარეობს და პრორუსული მედიასაშუალებებით (როგორციაა მაგალითად Sputnik-Georgia) პერიოდულად ხდება საზოგადოებაში თემის აქტუალიზაცია და მის შესაძლო დივიდენდებზე საუბარი. ასევე მოსალოდნელია, რომ რაც უფრო მეტად მოუახლოვდება გზა საქართველოს საზღვარს, მით უფრო მეტად გაიზრდება წნეხი ქართულ მხარეზე როგორც რუსეთის, ისე სომხეთის მხრიდან. საქართველოს მთავრობა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ერთი მხრივ მასზე ზემოქმედებას შეეცდება რუსული და სომხური მხარე, ასევე პრორუსული ჯგუფები ქვეყნის შიგნით, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული გზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაართულებს თბილისი-ბაქო-ანკარის ურთიერთობებს, რომ არაფერი ვთქვათ დასავლელ მოკავშირეებზე და ანტირუსულად განწყობილ საზოგადოების სეგმენტზე, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს.

თუმცა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, მოიფიქროს გამოსავალი ჩიხური მდგომარეობიდან.

კომენტარები