2018 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციამ სამხედრო სწავლებები ჩაატარა კასპიის ზღვაში. სწავლებისას გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის გემები და შემოწმდა ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემათა ეფექტურობა, საზენიტო სისტემების მთავარი სამიზნე პირობითი მოწინააღმდეგის მოიერიშეების და დაბალ სიმაღლეზე მფრენი ჰაერი-მიწა კლასის რაკეტების განადგურება იყო. როგორც ვიცით ასეთი წვრთნებით მოსკოვი ხშირად იწონებს თავს, მაგალითად ბოლოხანს მან “Vostok 2018” ჩაატარა რომელსაც დასავლეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არანაკლებ საყურადღებოა ზემოთ ნახსენები, აგვისტოში ჩატარებული საზღვაო წვრთნაც. როგორც ვიცით რუსეთმა საბოლოოდ განსაზღვრა კასპიის ზღვის საკითხი და ცივი ომის შემდეგ საკუთარ საზღვრებთან  წარმოქმნილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თავისდა სასიკეთოდ მოაგვარა. მოსკოვმა სამუდამოდ განიმტკიცა საკუთარი პოზიციები კასპიის ზღვაში მან  აზერბაიჯანთან, ირანთან, თურქმენეთსა და ყაზახეთთან გაფორმებული კონვენციით სამუდამოდ აკრძალა იქ იმ ქვეყნების ყოფნა, რომლებიც კასპიის ტერიტორიულ წყლებს არ ეკუთვნიან. კონვენცია, რომელიც კასპიის საზღვაო აკვატორიის ტერიტორიული წყლების სტატუსს განსაზღვრავს, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების პოზიციებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.

ისტორიულად კასპიის ზღვის მნიშვნელობა რუსეთის იმპერიისთვის

ისტორიულად რუსული სამხედრო და პოლიტიკური ელიტა დიდ ყურადღებას უთმობდა კასპიის ზღვას და მას საკუთარი გავლენის მთავარ ობიექტად განიხილავდა. მაგალითად, დაწყებული პეტრე პირველიდან, რომელმაც 1722 წლის ნოებერში გამოცემული განკარგულებით ასტრახანის სამხედრო საზღვაო ბაზა დაარსა, კასპიის ზღვამ განსაკუთრებული ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა შეიძინა. ბაზის აშენების შემდეგ, 1723 წელს რუსეთის საზღვაო ძალებმა დაიკავეს სპარსეთის საპორტო ქალაქი რეშტი, ამის შემდეგ რუსებმა დაიკავეს დერბენდი და ბაქო. 1723 წლის სექტემბერში სპარსეთსა და რუსეთს შორის პეტერბურგში გაფორმდა ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც სპარსეთმა, რუსეთის ჰეგემონობა აღიარა კასპიის ზღვაზე. ხოლო 1732 წელს მოხდა პეტერბურგის ხელშეკრულების ჩანაცვლება რეშტის ხელშეკრულებით, რომელიც მოიაზრებდა რუსეთსა და სპარსეთს შორის თანამშრომლობას კასპიის ზღვაში, მაგრამ ხელშეკრულებაში ნათლად იყო ასახული, რომ რუსეთი კასპიის ზღვის მფლობელად რჩებოდა და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარებოდა. რეშტის ხელშეკრულებით მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ სამხედროებიც ფაქტიურად მათ კასპიის საზღვაო აკვატორიასა და მის შემოგარენში არანაირი მოწინააღმდეგე აღარ ყავდათ. შედეგად, 1784 წელს დაიკავეს მახაჩკალა, დერბენდი კვლავ აიღეს 1796 წელს, ბაქო კი 1806 წელს. კასპიის ზღვის კონტროლით რუსეთი საკუთარ ინტერესებს მარტივად ატარებდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც კასპიის ზღვის კონტროლი მომგებიანი იყო.

 

დღეს არსებული სიტუაცია

რაც შეეხება XXI საუკუნეს,  მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ფლოტილიის რიცხოვნობა და საზღვაო ქვეითებს ახალი სახის შეიარაღებები დაემატათ. მაგალითად მიმდინარე წლის მაისში, რუსეთის საზღვაო ძალებმა მიიღეს BTR-82A ჯავშანმანქანა.  გარდა ამისა აღსანიშნავია რუსეთის ახლად დამტკიცებული თავდაცვის ბიუჯეტიც, რომელიც კასპიის ზღვის მილიტარიზაციასაც მოიაზრებს. რუსეთი აპირებს „ეკრანოპლანების“ გაცოცხლებას, რაზეც ჯერ კიდეც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდნენ. როგორც „РИА Новости „ იუწყება „ეკრანოპლანზე“  რუსეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა დენის მანტუროვმა 8 სექტემბერს ისაუბრა (იხილეთ). მაგრამ რამდენად ეყოფა რუსეთს „ეკრანოპლანებზე“ ფინანსები მალე დავინახავთ. სავარაუდოდ „ეკრანოპლანებს“ რუსეთი კასპიის ზღვასთან ერთად შავ ზღვაში გამოყენებასაც აპირებს.

2018 წლის ივლისში ჩატარდა ასევე სამხედრო წვრთნა, რაშიც  სამხრეთის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებმა მიიღეს მონაწილეობა. სავარჯიშოების დროს შემუშავებულ იქნა ახალი ტაქტიკა და განადგურებულ იქნა პირობითი მოწინააღმდეგის სადაზვერვო საფრენი აპარატები და მოიერიშეები. ივლისის წვრთნებს მიჰყვა აგვისტოში ჩატარებული წვრთნები რაშიც მონაწილეობა მიიღო Buk-M3 ტიპის (ნატოს კლასიფიკაციით SA-17 Grizzly) საჰაერო თავდაცვის სისტემამ და სანაპირო ბაზირების ტიპის რადარმა Podsolnukh-E. სამხედრო წვრთნების პარალელურად რუსულ გამოცემა „Независимая газета-ში“ გაჟღერდა იდეა, რომ რუსეთის ფედერაცია კასპიის ზღვაში მიმდინარე წვრთნებით ცდილობს შექმნას თავდაცვითი ზღუდე, რასაც კასპიის „კედელი“ უწოდა, რათა ამერიკულმა ტომაჰვკებმა რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ შეძლონ (იხილეთ).

სამხედრო ვარჯიშებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის თითქმის ყველა სამხედრო დანაყოფი მოიცვა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი წვრთნების შედეგად დგინდება სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების ჯგუფურად მოქმედების შესაძლებლობები რის ხარჯზეც მოხდება ჯარების საბრძოლო პოტენციალის გაზრდა (იხილეთ). თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ჩანს, რომ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის სამხედრო შენაერთებმა საჰაერო ძალებთან და საჰაერო თავდაცვის დანაყოფებთან ერთად შეიმუშავეს საკრუიზო რაკეტების განადგურების სტრატეგია. ამას ემატება ასევე რუსულ გამანადგურებელ MiG-31-ებზე დაყენებული ზებგერითი სარაკეტო კომპლექსი „Кинжал“, რომელიც კასპიის ზღვაში აპრილის თვიდან ახორციელებს პატრულირებას.

გაფორმებული კონვენციის III თავის, VI და VII პარაგრაფები ხაზგასმით კრძალავს მესამე მხარის ანუ კასპიის ზღვის აკვატორიის არ-მოსაზღვრე მხარის ყოფნას აღნიშნულ ტერიტორიულ წყლებში. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის რუსულ გავლენას და ხაზს უსვამს მის სიძლიერეს ცენტრალურ აზიაში. როგორც მოსკოვის ქმედებებიდან ჩანს, სამომავლოდ კასპიის ზღვის მნიშვნელობა სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაიზრდება სადაც რუსეთი კვლავ გააგრძელებს კუნთების თამაშს და გაზრდის დაძაბულობის კერებს ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში. ხოლო სამხედრო ვარჯიშებით ის შეიმუშავებს არა მარტო თავდაცვით არამედ თავდასხმის სტრატეგიასაც. შეგახსენებთ რომ 2015 წელს სწორედ კასპიის ზღვის ფლოტიდან მოხდა საკრუიზო რაკეტა  Kalibr-ების“  გაშვება სირიის მიმართულებით, რის შედეგადაც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები განადგურდნენ.

 

 

კომენტარები