სირიის კრიზისის უკვე შეფასდა, როგორც 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა. შესაძლოა ეს კატასტროფა თავისი მასშტაბებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდიც იყოს. 21-ე საუკუნის ახლო აღმოსავლეთს, გეოპოლიტიკურ რუკაზე, ის ნიშა უკავია, რაც ბალკანეთს ეჭირა პირველ მსოფლიო ომამდე. სრული განუკითხაობა, შიმშილი, დაპირისპირებები რელიგიურ, ეთნიკურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგორესურსების თუ სხვა ნიადაგზე, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესთა კონფლიქტი და დაპირისპირებული გეოპოლიტიკური მოთამაშეების ჯარები ერთმანეთის პირისპირ არის ახლო აღმოსავლთის, უფრო ზუსტად კი სირიის  დღევანდელობა.

სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს დაიწყო და წლებთან ერთად სახეც იცვალა. თუკი თავდაპირველად ომში რეგიონული და გეოპოლიტიკური მოთამაშეები მხოლოდ ე.წ. „პროქსიების“ დაფინანსებით და შეიარაღების მიწოდებით შემოიფარგლებოდნენ დღეს მათი ჯარები უკვე სირიის ტერიტორიაზე დგანან და ისე იცავენ ქვეყნის ინტერესებს.

ახლო აღმოსავლურ „ვაქხანალიაში“ ერთ-ერთი სტაბილური ქვეყანა ისრაელია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი სამეზობლო, ახლო თუ შედარებით შორეული (იორდანიის გამოკლებით) სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც პოლიტიკურ ქაოსშია. მართალია ისრაელსაც არ აკლია შიდა, თუ სასაზღვრო დაძაბულობები, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტები სრული სიჯანსაღით ფუნქციონირებს.

სანამ უშუალოდ შესაძლო კონფლიქტებზე ვისაუბრებდეთ, რის წინაშეც დგას დღეს ისრაელი, მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ უახლოეს წარსულში.

შავი ღრუბელი ისრაელის თავზე 2018 წლის დადგომასთან ერთად გამოჩნდა. ქვეყანა ჯერ კიდევ 2017 წელს, ოფიციალურად, მკაცრ ნეიტრალიტეტს აცხადებდა, თუმცა ასტანის მოლაპარაკებებმა მათთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სამოქალაქო ომის დაწყების დღიდან ისრაელის მთავარი მიზანი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ცვლილება იყო. არაფერი პიროვნული, უბრალოდ შიიტი ალავიტები ბაშარის ხელმძღვანელობით, მუდმივად იყვნენ და დარჩებიან მათი მეზობელი შიიტური ისლამის ფლაგმანის და ისრაელის მთავარი საფრთხის ( როგორც ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ) ირანის პოზიციების გამტარებელი. ასტანის მოლაპარაკებებმა ის შედეგი დადო, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ისრაელს ყველაზე მეტად შეაწუხებს. ირანი ისევე, როგორც რუსეთი ამ მოლაპარაკებებით ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების არსებობის ერთგვარი გარანტორები გახდნენ. ეს ყველაფერი კი იმის ხარჯზე, რომ ირანმა სასათბურე პირობები შეიქმნა სირიაში თავისი შეიარაღებული ძალების განთავსებისთვის, ამას ემატება ჰეზბოლა და სხვა პარამილიტარისტული მსხვილი, საშუალო თუ პატარა გაერთიანებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ირანიდან წამოსულ ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ახლოს მდებარე სამხედრო ბაზა, რომელიც ირანმა მიმდინარე წლის თებერვალში გახსნა სირიაში, დამასკოდან სამხრეთით, ჯაბალ აშ-შარკშია და ისრაელის მიერ კონტროლირებადი გოლანის სიმაღლეებიდან მხოლოდ და მხოლოდ 60 კილომეტრი აშორებს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის უშიშროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჯაბალ აშ-შარკში არსებული ბაზა სარაკეტოა.

ირანის ტერიტორიულად დაახლოებამ ისრაელთან სხვა მრავალი პრობლემაც შექმნა. არაბული ქვეყნები, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარი ქვეყნები  პალესტინისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენენ. მართალია ისინი სხვადასხვა ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან პალესტინელთა დასახმარებლად, და ოფიციალრად გაეროში იცავენ მათ პოზიციას, თუმცა პრობლემების მოგვარებისთვის ისრაელთან სერიოზულ ვერბალურ კონფრონტაციასაც დიდი ხანია ერიდებიან და ძირითადად პალესტინის მხარდამჭერი რუტინული ფრაზებით შემოიფარგლებიან. პალესტინელთა რწმენაც და იმედიც მათდამი ჩამქრალია. აღსანიშნავია ისიც, რომ სპარსეთის ყურეში, განსაკუთრებით ქუვეითსა და საუდის არაბეთში პალესტინებისადმი დამოკიდებულება ხშირად ნეგატიურია, ვიანიდან მათი უმრავლესობა, სადამ ჰუსეინის ქუვეითში შეჭრისას ამ უკანასკნელს მიემხრო და ოკუპაციის დროს ძარცვა-გლეჯა და მარადიორობით დაამახსოვრა ბევრს თავი. ირანი და მისი რიტორიკა ისრაელისადმი კი, ბევრი პალესტინელისთვის მისაღებია. ირანი ისლამური რევოლუციის შემდეგ ისრაელს ყველგან უპირისპირდებოდა, თუმცა ეს დაპირისპირებები ძირითადად სიტყვიერი მუქარით შემოიფარგლებოდა. ახლა კი, ორი ქვეყნის ჯარები ერთმანეთისგან არცთუ ისე შორს არიან და სამხედრო რიტორიკამაც სხვა სიმძაფრე შეიძინა. არ იქნება გასაკვირი თუ ბევრი პალესტინელი ეხლა ფსონს სწორედ მათზე ჩამოდის. ირანმაც არ დააყოვნა და პალესტინაში კარგი დასაყრდენი მონახა ჰამასის სახით. ჰამასის ლიდერები არაერთხელ იყვნენ ირანში და განაცხადეს კიდეც, რომ  ირან-ჰამასის ურთიერთობები საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ყოფილა. ისინი დაახლოვდნენ ჰეზბოლასთანაც.

ამასობაში არაბული სამყაროს არაოფიციალური ლიდერი საუდის არაბეთი კი ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ უმეგობრდება ისრაელს, რაც თავის მხრივ საუდურ-ირანული დაპირისპირების შედეგიცაა. ორივე ქვეყანა ცდილობს რეგიონში წამყვან მოთამაშედ იქცეს და ამ გზაზე ნებსით თუ უნებლიეთ მოკავშირეებისაც პოულობენ.

ისრაელი ცობილია თავისი ხისტი ქმედებებით, როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და ბუნებრივია არ მოითმენს ირანული ჯარების მიახლოებას სახიფათო ზღვარზე, მითუმეტეს სარაკეტო ბაზას გოლანთან ახლოს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი უსაფრთხოებისთვის მთავარი თავის სატკივარი სწორედ რაკეტებია. რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა მათ, წარმატებული თუ წარუმატებელი, არამარტო ადამიანური, არამედ სერიოზული ფინანსური რესურსიც უჯდებათ.

პირველი ღია ებრაულ-ირანული ინციდენტი 10 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ირანული დრონი ისრაელის საჰაეროს ივრცში შევიდა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ის ჩამოაგდს, შემდგომში ისრაელი ამტკიცებდა, რომ დრონი შეიარაღებული იყო. ამის საპასუხოდ სირიის სამთავრობო ძალებმა F-16  ჩამოუგდეს ისრაელის საჰაერო ძალებს. ამის შემდეგ ორივე მხრიდან სიტყვების ომი წავიდა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზაფირს აფეთქებული დრონის ნაწილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სულ ცხვირწინ უტრიალა და დაემუქრა, რომ არც სხვა საბრძოლო საშუალებებს დაადგებოდათ უკეთესი დღეს.

ამავე პერიოდში ისრაელს დაეძაბა ურთიერთობები ლიბანთანაც, რომლის სასაზღვრო ზოლშიც წამოიწყო კედლის მშენებლობა, რასაც ოფიციალური ბეირუთი მკაცრად ეწინააღმდეგება. ლიბანს დაგეგმილი აქვს სადავო წყლებში, კედელთან ახლოს, ენერგორესურსების საძიებო სამუშაოების ჩატარება. ლიბანელმა სამხედრო მაღალჩინოსნები ღიად აფიქსირებდნენ, რომ ლიბანის არმია სრულ მზადყოფნაშია დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ინტერესები, ნებისმიერ ფასად. ასევე ლიბანში, საარჩევნო სისტემის შეცვლის შემდეგ, რასაც მოჰყვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საგაზაფხულო არჩევნებში, „ჰეზბოლასთან“ ასოცირებული ძალები დიდ გამარჯვებას მიაღწევენ.

მარტში სიტუაციას მეტ-ნაკლებად დაბალანსდა, თუმცა არ განმუხტულა, თუმცა 8 აპრილს ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა დრონების ირანულ T4 სამხედრო ბაზაზე სირიაში, რასაც მოჰყვა ინფრასტრუქტურის განადგურება და 7 ირანელი სამხედრო სიკვდილი, მათ შორის, ერთ-ერთი პოლკოვნიკის ჩინის, რომელიც სავარაუდოდ დრონების პროგრამას ხელმძღვანელობდა სირიაში. აღნიშნული ბაზიდან გაუშვა ირანმა უპილოტო თვითმფრინავი ისრაელის მიმართულებით თებერვალში.

ისრაელის მხრიდან უშუალოდ ირანის ბაზაზე იერიშსს პირველად რუსეთმა უპასუხა მკაცრი კრიტიკით. შემდე კი, ირანის პოლიტიკური, სასულიერო თუ სამხედრო ელიტის ყველა გამოჩენილმა ოფიციალურმა პირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ამ ფაქტს უპასუხოდ არ დატოვებდნენ. განხადებები ამის სესახებ ყოველდღე კეთდება, მათ შორის განცხადებათა სიუხვით გამოირჩევა ჰეზბოლა, რომელმაც ისრაელის ამ ნაბიჯს ისტორიული შეცდომა უწოდა და ირანთან პირდაპირ კონფრონტაციას გაუსვა ხაზი. 17 აპრილს ისრაელის უშიშროების სამსახურებმა ახალი ფოტოები გაავრცელეს, სადაც მათი თქმით ირანული სამხედრო და სამოქალაქო ავიაციაა კონცენტრირებული, საბრძოლო მასალების გადასატანად და მიმდინარეობს ისრაელზე იერიშისთვის მზადება.

ექსპერტების ნაწილი ისრაელ-ირანის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას თითქმის გარდაუვლად მიიჩნევს. მათი აზრით, ირანი, თავისი ჯარისკაცების დაღუპვას უპასუხებს სარაკეტო იერიშებით, სავარაუდოდ, სირიის ტერიტორიიდან. ისრაელში ირანულ საფრთხეს რეალურად მიიჩნევენ, მათ შორის მოსადის და თავდაცვის ძალების არამარტო მოქმედი, არამედ გადამდგარი მაღალჩინოსნები. ომის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ორი ქვეყნის მედია სწორედ საომარი სცენარის შესაძლებლობაზე ხაზგასმით აშუქებს მოვლენებს, რაც შესაძლოა, საზოგადოების ფსიქოლოგიურად მომზადებას ისახავდეს მიზნად.

მიუხედავად დიდი დაძაბულობისა ირან-ისრაელს შორის ე.წ. “All-out” ომი მაინც ძნელად წარმოსადგენია. ერთის მხრივ საეჭვოა ამის რესურსი რეალურად ჰქონდეს ირანს გამომდინარე მათი ეკონომიკური მდგომარეობისა. ამასთან ქვეყანის მოსახლეობა მუდმივ საპროტესტო რეჟიმშია და მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციების ტალღა ჩაქრა, ხალხი ქუჩაში შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდეს. მეორე მხრივ კი, ახლა სამხედრო კონფრონტაცია, თანაც ისრაელთან, რომლის თავიანთთვის სასარგებლოდ შეფუთვაც პროპაგანდისთვის ძალიან მარტივი საქმეა ისლამურ ქვეყნებში, კარგი შანსია  მოსახლეობის ფოკუსის გადასატანად სოციალური პრობლემებიდან საგარეო საკითხებზე, რელიგიურ გრძნობებზე თამაშით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის სირიაში ყოფნას თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. შესაძლოა ამაზე ღიად საუბარი არ მიდის ქვეყანაში, თუმცა საპროტესტო აქციებზე ისმოდა შეძახილებიც-„ ნუ ხარჯავთ ფულს სირიაში, მიხედეთ თქვენს ხალხს“. ასე რომ შესაძლოა ამ სცენარმაც არ გაჭრას.

თავის მხრივ შიდაპოლიტიკური არეულობები ისრაელსაც არ აკლია. პრემიერ-მინისტრი დაკავების და ბრალის წაყენების მუდმივი საფრთხის წინაშეა. მას ტელეკომპანიასტან ფარულ უკანონო კავშირში შესვლას და კორუფიულ გარიგებას ედავებიან. სახელმწიფოს მთავარი მოწმე კი ბენიამინ ნეთანიაჰუს გარემოცვის ყოფილი წევრი ნირ ჰეფეზია. ქვეყანაში მოსალოდნელი იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, ვინაიდან ლიკუდის მმართველ კოალიციურ პარტიას დაშლა ემუქრებოდა ულტრა-ორთოდოქსთა ჯგუფისგან, რომლებიც სავალდებულო სამხედრო გაწვევის შესახებ ახალი კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რამაც შესაძლოა აიძულოს ისინი მოიხადონ სამხედრო ვალი, რაც ულტრა-ორთოდოქსი ებრაელებისთვის მიუღებელია.

მიუხედავად ყველაფრისა ლიკუდის პარტიის რეიტინგი მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდა, რაც სავარაუდოდ სამხედრო რიტორიკის გაზრდამ  გამოიწვია ისრაელის გარშემო. ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსახლეობა ძლიერ, მტკიცე ლიდერად აღიქვამს, რომლის ყოფნაც პოსტზე, დაძაბულ დროს, გამოადგება ქვეყანას.

ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა თუ რა სახე შეიძლება მიიღოს ირან-ისრაელი კონფლიქტმა. ჰამასთან დაახლოების ფონზე არაა გამორიცხული ეს უკანასკნელი გამოიყენოს ირანმა ისრაელისთვის შურის საძიებლად, თანაც ჰამასის ორგანიზებით ( როგორც ჰამასი ამტკიცებს) ღაზას სექტორში პალესტინელებმა ფართომასშტაბიანი აქციები წამოიწყყეს სახელწოდებით „დაბრუნების დიდი მარში“. დემონსტრანტები ისრაელ-ღაზას გამყოფ თავდაცვის ხაზთან იკრიბებიან და მათ 1948 წელს გამოდევნას აპროტესტებენ. დემონსტრაციებს უკვე ორმოცამდე ადამიანი ემსხვეპლა. ჰამასისი განცხადებით დაბრუნების მარში ტავის პიკს 15 მაისს მიაღწევს, როდესაც ზუსტად 70 წელი შესრულდება მათი გამოდევნიდან, რომელიც არაბთა ისტორიაში „ნაკბას“- კატასტროფის სახელით შევიდა. სავარაუდოა, რომ 15 მაისი დიდი სისხლისღვრით და სხვა არეულობებით დასრულდეს, რითაც ირანი შეძლებს ისრაეგბლოს და სამაგიერო გადაუხადოს ისრაელს.

თეირანის მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ფაქტორი აშშ-ს ადმინისტრაციაა, რომლის საგარეო პოლიტიკა ძალიან ხისტი და პრო-ისრაელურია, ამასთან, ირანისთვის აგრესორის იმიჯის მორგება საერთაშორისო საზოგადოების თვალში რთული არ იქნება. ამის თავიდან ასარიდებლად არაა გამორიცხული ირანმა პროვოკაციაზე წამოაგოს და აიძულოს ისრაელის განახორციელოს პირველი დიდი დარტყმა, რაც თავის პასუხს ლეგიტიმაციას შესძენს.

ირანის და აშშ-ს ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში იმდენად გართულდა და დაიძაბა, რომ ტვიტერში ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცყოფასაც კი არ ერიდებიან მხარეები. ტრამპს გაცხადებული აქვს, რომ 12 მაისამდე 2015 წლის ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულება უნდა გადაიხედოს და ჩასწორდეს წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას დატოვებს. ხელშეკრულების ჩასწორება ტრამპმა ევროპელ პარტნიორებს დაავალა, რომლების ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენენ. მიუხედავად თავდაპირველი მცდელობის ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ირანისთვის ხელახალი სანქციები დაეწესებინათ ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის, რათა ამით ტრამპის გული მოეგოთ და დაეტოვებინათ აშშ ხელშეკრულებაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სანქციები ჩავარდა, გამომდინარე ირანის განცხადებებიდან, რომ მას ვერავინ აუკრძალავს არაბირთვული იარაღის წარმოებას, ვინაიდან ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავდაცვითი და შემაკავებელი იარაღი აწარმოოს. ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან ირანის ზედმეტად, უკანონო, შეზღუდვა იქნებოდა. ირანმა შეძლო და აშშ-სთან ბირთვული ხელშეკრულების ირგვლივ შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეები გააერთიანა, მათ შორის ევროპული ნაწილიც. ოფიციალური პოზიცია შეთანხმების მხარეების (აშშ-ს გარდა) არის ის, რომ ის უნდა შენარჩუნდეს და იმ სახით რა სახითაც არის, ვინაიდან ამჟამად უკეთესის შესაძლებლობა არაა.

დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თუ ირანი აგრესიას გამოიყენებს ისრაელზე, შესაძლოა ამით ხელ-ფეხი გაუხსნას ევროპელებს, რომელთა თავის მხარეზე დაყენებაც აშშ-ს წინააღმდეგ შეძლო. ევროკავშირი ჩათვლის ირანს აგრესიულ, დესტრუქციულ ძალად და საბაბი მიეცემათ ახალი სანქციების დაწესების, რითაც ირანი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს და სავსებით შესაძლებელი რეჟიმის ცვლილება ირანში უკვე სრული რეალობა გახდეს. ასე, რომ “All-out” დაპირისპირება, მაინც ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ირანის პასუხი მაინც მოსალოდნელი, ვინაიდან ოფიციალური პირები ამის შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ. საკითხი დასმა უფრო უნდა მოხდეს იმ კუთხით, თუ რა ტიპის პასუხს გასცემს ირანი და როგორი ფორმით, რომ პასუხი ასიმეტრიული არ იყოს არ თავისი სიმცირით და არც სიდიდით.

საინტერესოა თუ რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი თუ ირან-ისრაელის კონფრონტაცია მაინც ვიხილეთ. სავარაუდოდ მკაცრად ნეიტრალურს, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ინციდენტების შემდეგ, რუსეთი კონსულმა ლეონიდ ფროლოვმა განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს რუსეთი მას ყველანაირად დაეხმარება და დაიცავს. რუსეთი პირველი ქვეყნა იყო, რომელმაც ისრაელი ირანულ  T-4 ავიაბაზაზე თავდასხმაში დაადანაშაულა და მკაცრად დაგმო მათი მოქმედება. სავარაუდოდ რუსეთი და ირანი მიაღწევენ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს, ვინაიდან ამ ორი ქვეყნის ინტერესები სირიაში ერთმანეთს ემთხვევა და არცერთი არ გარისკავს პარტნიორის დაკარგვას. რუსეთს სხვა კუთხითაც დაეძაბა ისრაელთან ურთიერთობები, კერძოდ საჰაეროს სისტემების ბაშარ ალ-ასადისთვის გადაცემის საკითხის ირგვლივ. თავდაცვის მინისტრი ლიბერმანი დაიმუქრა, რომ თუ სისტემები დამასკომ მათ წინააღმდეგ გამოიყენა, ისრაელი ამ სისტემებს გაანადგურებს. არაა გამორიცხული ისრაელთან და აშშ-სთან აშკარა დაპირისპირების ფონზე რუსეთმა ირანს საჭიროების შემთხვევაში სადაზვერვო, ფინანსური დახმარებაც გაუწიოს, ან შეიარაღება მიაწოდოს, რა თქმა უნდა ფარულად. სავარაუდოდ ირანს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ დახმარებას გაუწევს თურქეთი, პაკისტანი, კატარი და ცენტრალური აზიის ისლამური ქვეყნები. თუმცა ისრაელს, გარდა აშშ-ს მხარდაჭერისა, რეგიონში ბუნებრივი მოკავშირესავით გამოუჩნდება საუდის არაბეთი, რომელის ახალგაზრდა დეფაქტო მმართველი პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი ისრაელისადმი, ხშირად იწერება საუდელთა ფარულ კავშირებზეც ისრაელის პოლიტიკურ ელიტასთან. სალმანმა რევოლუციური განცხადებებითაც დაგვამახსოვრა თავი, როდესაც ირიბად, მაგრამ აღიარა ისრაელის სახელმწიფო განცხადებით, რომ ებრაელებს ისევე, როგორც პალესტინელებს აქვთ უფლება ჰქონდეთ სახელმწიფო უბრალოდ, მათ უნდა მოილაპარაკონ ამის შესახებ. ბენიამინ ნეთანიაჰუც არ აკლებს ხოტბას საუდის არაბეთს და ირანის მხრიდან მასზე თავდასხმებს აქტიურად გმობს.

ამ დაპირისპირებაში საინტერესოა ეგვიპტის პოზიცია, რომელიც ისრაელთან დაპირისპირებისას ყოველთვის წინა ხაზზე იდგა, თუმცა დღევანდელ ეგვიპტეს არც პოლიტიკური ნება გააჩნია და არც რესურსი ისრაელთან რაიმე სახის კონფრონტაციის, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტი ას-სისი საუდის არაბეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. ეგვიპტემ ჰამასის შევიწროვებაც კი დაიწყო და მუდმივად თხოვს შეაჩეროს თავისი აქციები ღაზაში.

დასკვნის სახით შეგვიძლია გავიმეოროთ ის, რომ ისრაელ-ირანს შორის „All-out“ ომი მოსალოდნელი არაა და კვლავ „წერტილოვანი დარტყმები“ შეიძლება ვიხილოთ ორივე მხარიდან. თუმცა დღევანდელი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების და ახლო აღმოსავლეთში არსებული მარალი პოლიტიკური ტემპერატურის პირობებში ხელაღებით ყველანაირი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

კომენტარები